20 წლის ბიჭის ლონდონური გაბრწყინება

29 ივლისს, დილის 7 საათისთვის, ლონდონის საგამოფენო ცენტრ “ექსელის” საჭიდაო დარბაზში ერთი რიგითი, პერსპექტიული სპორტსმენის სახელით შეაბიჯა. საღამოს 7-ისთვის კი დარბაზიდან ვარსკვლავად გამოვიდა, ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლით მკერდდამშვენებული. უკვე ყველა ცნობს და ეფერება.
20 წლის ლაშა შავდათუაშვილი ლონდონის ოლიმპიადაზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველაზე უმცროსი იყო, მაგრამ გუშინ არც პატარა ასაკი ეტყობოდა და არც გამოცდილების ნაკლებობა. ყველაზე მთავარი კი ის შემართება იყო, რომელიც ქართველი ვაჟკაცის ჭიდაობას ხიბლს მატებდა.  მსგავსი გულადობით ხშირად აშკარა ფავორიტებად მიჩნეული უხვტიტულა ფალავნებიც ვერ დაიკვეხნიან – შავდათუაშვილი ტატამზე პირველი წრიდან ფინალის დასრულებამდე ისე აკეთებდა თავის საქმეს, ნერვი ერთხელაც არ ატოკებია.  არც მაშინ აჰყოლია ემოციას, როდესაც მეოთხედფინალში, ინგლისელი კოლინ ოატსი გულშემატკივრების არანორმალური ქომაგობის ფონზე შებოჭა და არც მაშინ, ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი მასაში ებინუმა რომ დასცა ბეჭებზე ულამაზესი გდებით.
საჩემპიონო გზას ლაშა ჩილელი ალეხანდრო ზუნიგას ძლევით შეუყვა. მეტოქეს თავიდანვე მძლავრად შეუტია. მალე ზუნიგას ორჯერ გაფრთხილების გამო მიღებული იუკოს უპირატესობით დაწინაურდა, ხოლო მეორე წუთის მიწურულს სულაც, წმინდა გდებით მოამთავრა საქმე.
66 კილოგრამი წონითი კატეგორია ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი პრობლემატური იყო და გასული წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ შეიძლებოდა ოლიმპიური ლიცენზიის გარეშე დავრჩენილიყავით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ზაიზენბახერმა შანსი ლაშა შავდათუაშვილს მისცა. ამანაც გაუმართლა, საერთაშორისო ტურნირებზე უხვად აკრიფა სალიცენზიო ქულები და ბოლოს იმდენი ქნა, ოლიმპიურ ქვოტაშიც მოხვდა.
“ამ გამარჯვებას ყველა გულშემატკივარს ვუძღვნი და რა თქმა უნდა, ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ტატამზე ამ დღეებში უნდა გავიდნენ. მათთვის ჩემი ოქრო უდიდესი სტიმულია” – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტურნირისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
ნიჭიერი ძიუდოისტის ტრიუმფმა ლონდონში შეკრებილ თუ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს 29 ივლისის დილის იმედგაცრუებაც გადაავიწყა. ქართული სპორტული დელეგაციის ყველაზე გამოცდილმა და ტიტულოვანმა წევრმა ნინო სალუქვაძემ პნევმატური პისტოლეტით საკვალიფიკაციო სროლებში ფინალურ პროგრამაში შესვლა ვერ შეძლო. ამისთვის ნინმოს 8 საუკეთესოს შორის მოხვედრა სჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ 33-ე ადგილამდე დაეშვა.
გუშინვე, ოლიმპიურ თამაშებში ჩოგბურთელი ანა ტატიშვილიც ჩაერთო. უიმბლდონის ცნობილ არენაზე ჩატარებულ პირველი წრის შეხვედრაში მან ლიხტენშტეინელი შტეფანი ვოგტი 58 წუთში 6:2, 6:0 დაამარცხა და მეორე რაუნდში გააღწია, სადაც რუს ნადია პეტროვას და ჩინელ ჟი ჟენგს შორის უმჯობესს ეთამაშება.  58 წუთში წმინდა სათამაშო დრო ვიგულისხმეთ, თორემ წვიმის გამო თამაში რამდენიმეჯერ შეწყდა.
სწორედ წვიმა გახდა წყვილთა მატჩის გადადების მიზეზი. ტატიშვილისა და მაკა ჩახნაშვილის დუეტს სლოვენიელებთან (კლეპაჩი-სრებოტნიკი) უნდა ეთამაშა, მაგრამ შეხვედრა ერთი დღით გადაიდო.
დღესვე, მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა ოცდამეთორმეტედფინალში ჩაერთვება და თუ მოიგებს, მეთექვსმეტედფინალშიც დღესვე ისვრის. ძიუდოს ტატამზე კი ნუგზარ ტატალაშვილი გავა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s