როცა ლუდი ძალიან გიყვარს…

ლუდი ნიკა არაბიძისა და კობა ბარათელის ყოველდღიურობაში…

 “კომედი შოუს”  მსახიობებს – ნიკა არაბიძესა და კობა ბარათელს ვესტუმრეთ. თურმე, ისინიც ფიქრობენ, რომ “ლუდი საუკეთესო და სასიამოვნო სასმელია ყველა დროს!” და მათ ყოველდღიურობაში მას საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს.

ყინვისა და სიცივის მიუხედავად, საუბარი ამაღლებული განწყობითა და ლუდის მიმართ სიყვარულის გამოხატვით დაიწყო:

ნიკა არაბიძე: რაც კი თავისუფალი დრო და ადგილი მაქვს, ლუდს ვწირავ.

კობა ბარათელი: ნორმალური ადამიანის ორგანიზმში უმეტესი ადგილი სისხლსა და წყალს უკავია, ჩემს შემთხვევაში კი, 80 პროცენტი არის ლუდი.

ნიკა: რა გითხრათ? ლუდი ძალიან სასიამოვნო სასმელია. რამდენიმე დღეა, ამინდმა უკან დაგვხია, ძალიან ცივა! ვერ ვეკარებით და გული მწყდება! მაგრამ ველოდებით თბილ და სასიამოვნო  ამინდს. უკვე ეს ლოდინიც შემიყვარდა! ვაღიარებ, ლუდი ზაფხულში ერთ-ერთი საუკეთესო სასმელია, არამარტო ჩემთვის, არამედ მამაკაცთა 90 პროცენტისთვის.

კობა: ადრე ლუდს ცოტა ალმაცერად უყურებდნენ. ამ ძალიან სასიამოვნო სასმელით უცნაურ სადღეგრძელოებს ამბობდნენ. მაშინ ალბათ იმდენად არ აფასებდნენ.

– უცნაური როგორ?

ნიკა: ახლა გამახსენდა, ერთხელ კობამ დაწერა: `მოდით, ამ კათხით იმ ადამიანს გაუმარჯოს, გეოგრაფიაში 5 რომ ჰყავს და საქართველოს დედაქალაქი ხარაგაული ჰგონია~. აი, ასეთი სადღეგრძელოები იყო ადრე, თუმცა… ახლა ისეთ სერიოზულ სადღეგრძელოებს ვაფრქვევთ ლუდით, ღვინოსაც კი შეშურდება!

კობა: იმ კაცს გაუმარჯოს, რომელსაც `შვლის ნუკრის ნაამბობის~ კითხვისას, ცრემლის ნაცვლად, ნერწყვი მოადგებაო.

ნიკა: იმდენი ვიცი, აღარ გავჩერდები ახლა! `იმ კაცს გაუმარჯოს, ლოგინის ქვეშ შემძვრალს, ცოლი იატაკის ჯოხით რომ ეჩხუბება, – დროზე გამოეთრიეო, ის კი ქვეშიდან დამაჯერებლად პასუხობს: ამ ოჯახში მე ვარ უფროსი, მინდა, გამოვალ, მინდა, არაო~.

– გამოდის, რომ ლუდით ქეიფი განწყობას უფრო მეტად გიმაღლებთ…

კობა: ლუდი ისეთი სასმელია, რომელიც არანაკლებ კარგ ხასიათზე მაყენებს, ვიდრე ღვინო ან არაყი. უბრალოდ, დაბალი ალკოჰოლის შემცველობის გამო, ბევრის დალევა გვიწევს და ნაკლებადაც ვთვრებით, რაც, თავის მხრივ, უკეთესია.

– თავის დროზე ‘ნატახტარმა” სტერეოტიპი, თითქოს ლუდი მხოლოდ ზაფხულის სასმელია, დაანგრია სარეკლამო კამპანიით: “მერე რა, რომ ზამთარია…”

ნიკა: რას ამბობთ, ჩემთვის ეგ სტერეოტიპი ისედაც დანგრეული იყო. ლუდზე უარს ზამთარშიც არ ვამბობ, როგორ გეკადრებათ?! მაგრამ ზაფხული წელიწადის ის დროა, როცა ლუდის დალევა ნებისმიერ სიტუაციაში და ადგილას უფროა შესაძლებელი! თუნდაც, ეზოში. ანუ, ზაფხულში მოქმედების არეალი უფრო ვრცელი და ფართოა.

კობა: ლუდი არის მეგობრებთან ერთად, შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად დასალევი სასმელი. განსაკუთრებით სასიამოვნოა მისი დაგემოვნება ეზოში. მიყვარს ლუდი, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს – დიდხანს რჩება ორგანიზმში.  ნაბახუსევზე ცოტა მიჭირს ხოლმე მდგომარეობიდან გამოსვლა და თავს ისევ ლუდით ვმკურნალობ.

–   უარი თუ გითქვამთ ლუდზე?

ნიკა: ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ისაა, თუ იმ დროს მანქანის მართვა მიწევს. სხვა მიზეზი ნამდვილად არ მახსენდება.

–    ლუდით შეზარხოშებულს რამე ჩაგიდენიათ?

ნიკა: ჩემი აზრით, ლუდით არ უნდა დათვრე. ლუდით უნდა ისიამოვნო. ბევრი ნამდვილად დამილევია, ისიც მაშინ, როდესაც ფესტივალებსა და კონკურსებში ვმონაწილეობ. მართალია, ამ მხრივ კობას ვერ შევედრები, ის არაერთგზის გამარჯვებულია მსგავს შეჯიბრებებში.

კობა: 4 წუთში 9 კათხა ლუდი დავლიე. მანამდე ორი კათხა მქონდა დალეული.  მერე ბოლო კათხა იმ პიროვნებასთან ერთად მივირთვი, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. თუმცა მახსოვს, არაფერი ჩამიდენია, უბრალოდ, სოსისების ჭამის კონკურსზე ვიქაჩებოდი.

ნიკა: მომხიბვლელი პრიზი იყო – ერთი ყუთი ლუდი აჩუქეს, რომელიც უკვე მივირთვით.

–    რამდენი წლის სტაჟი გაქვთ ლუდის სმაში?

ნიკა: ლუდის სმა აქტიურად სტუდენტობის პერიოდიდან დავიწყე, ანუ, არც ისე დიდი სტაჟი მაქვს. ამაშიც კობა მჯობნის.

კობა: ასაკიდანაც გამომდინარე, მე უფრო დიდი სტაჟი მაქვს, სადღაც 25 წელი. იმდენი ლუდი მაქვს დალეული, ვითხოვ, ლუდის მწარმოებელმა კომპანიებმა მალე პენსია დამინიშნონ!

–    როგორ იწყებთ ლუდზე ფიქრსა და ქეიფს?

ნიკა: ლუდი ჩვენი სასმელია. დიდი სუფრები და წვალება არ სჭირდება. ლუდი პურ-მარილს არ ითხოვს. შეიძლება, ერთ შეკვრა მარილიან თხილზე გადაიარო, და მაგრად იქეიფო. ერთი სიტყვით, ვწვალობთ, ვშრომობთ და ლუდს მივირთმევთ.

კობა: საიდუმლოს გაგიმხელთ: მე და ნიკა ვაპირებთ, პარლამენტში კენჭი ვიყაროთ. ახალი საინტერესო კანონპროექტი გვაქვს მომზადებული. მოვითხოვთ, ონკანებში, სასმელ წყალთან ერთად, ლუდი მოდიოდეს. თუმცა, გპირდებით, მის გადასახადს დასუფთავების მოსაკრებელი არ მიებმება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s