საფეხბურთო შოუ ოთხი გოლით

თუ ევროპის ჩემპიონატზე საგულშემატკივრო ნაკრები წინასწარ არ გყავს შერჩეული, თუ აბსოლუტურად ნეიტრალური მაყურებელი ხარ, ძალიან ძნელია ეს ნეიტრალურობა ესპანეთის თამაშის ნახვის შემდეგაც შეინარჩუნო და შენდაუნებურად მისი ქომაგი არ გახდე.

ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონების მხარდამჭერთა ისედაც მრავალრიცხოვანი არმია ლაღი და სანახაობრივი ბურთაობით შეხვედრიდან შეხვედრამდე იზრდება.
ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი მეორე ტურში ირლანდიას დაუპირისპირდა და ფანტასტიური თამაშით ყველას შეახსენა, რომ უკრაინა-პოლონეთშიც უმთავრესი ფავორიტის სტატუსითაა ჩასული. ესპანელებმა მეტოქე ოთხბურთიანი უპირატესობით დაამარცხეს. ასეთი სხვაობით ჯერ მიმდინარე ევროპირველობაზე არავის მოუგია, მაგრამ ვინც მატჩი ნახა, დამეთანხმება, მოქმედ ჩემპიონებს აუცილებლობის შემთხვევაში ირლანდიელთა კარში მინიმუმ ორჯერ მეტი გოლის გატანაც შეეძლოთ.
“ეს უნიკალური გუნდია, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად თავს არ დავზოგავთ” – ამბობდა თამაშამდე ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი. მისმა გუნდმა მართლაც იბრძოლა, უფრო ზუსტად კი სცადა ებრძოლა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა და ევრო 2012-ის მონაწილე თექვსმეტი ნაკრებიდან პირველმა დაკარგა მეოთხედფინალში გასვლის თეორიული შანსიც კი.
ირლანდიელებს პირველი შეხვედრა ხორვატებთან ჰქონდათ წაგებული და პლეი-ოფის იმედის შესანარჩუნებლად ესპანელებთან მინიმუმ ფრე სჭირდებოდათ, მაგრამ მატჩის დაწყებისთანავე გამოჩნდა, რა და როგორ იქნებოდა.
დელ ბოსკეს გუნდმა მოწინააღმდეგის განადგურება მეოთხე წუთიდან დაიწყო, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებული ფერნანდო ტორესის გოლით. პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით დასრულდა, რაც მნიშვნელოვანწილად ირლანდიელი მცველების და მეკარის, შეი გივენის თავგანწირული თამაშის დამსახურება იყო. მთელ რიგ შემთხვევებში კი თავად შემტევ ფეხბურთელებს აღალატებდათ სიზუსტე.
შესვენების შემდეგ დავიდ სილვამ, ისევ ტორესმა და სესკ ფაბრეგასმა დალაშქრეს გივენის კარი. აქვე საბოლოო ანგარიშიც – 4:0.
ბოლო ტურის წინ, მეოთხედფინალის საგზურის მოპოვების შანსს ესპანეთი, მასსავით 4-ქულიანი ხორვატია და 2-ქულიანი იტალია ინარჩუნებენ. 18 ივნისს ესპანელები და ხორვატები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, იტალიელები კი ირლიანდიელების სასურველი ანგარიშით ძლევას შეეცდებიან.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s