კრიშტიანუმ ჰოლანდიას შეუსრულა

ჰოლანდიის ნაკრებისთვის ევრო 2012 დასრულებულია. ნაკრებმა, რომელსაც ათიოდ დღის წინ ძალიან ბევრი ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად ასახელებდა, ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. მეოთხედფინალში გასასვლელად დასკვნით ტურში, პორტუგალიის 2-ბურთიანი სხვაობით ძლევა იყო აუცილებელი. ბერტ ვან მაარვიკის შეგირდებს მარტო ესეც არ ჰყოფნიდათ. პარალელურად მიმდინარე მატჩში გერმანიას დანია უნდა დაემარცხებინა.
გერმანელებმა მართლაც ისე ითამაშეს, ყველა ჰოლანდიელს რომ გაუხარდებოდა, მაგრამ თავად “ნარინჯისფერებმა” კი წაიფორხილეს.
არადა ყველაფერი ჰოლანდიისთვის სასიკეთოდ დაიწყო – მე-11 წუთზე უკვე დაწინაურდნენ რაფაელ ვან დერ ვაარტის გოლით. ამ უკანასკნელმა საჯარიმოს ხაზიდან მეკარისგან შორეულ კუთხეში გაიტანა.
ეს იყო და სრულ სათამაშო უპირატესობას პორტუგალია დაეუფლა. ანგარიშის გახსნიდან სამიოდ წუთში კრიშტიანუ რონალდუ მარცხნიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ბოლო მცველიც ჩამოიცილა და მეკარისთვის აუღებლადაც დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა – ბურთი ძელს მოხვდა. იქვე კიდევ უფრო რეალური შანსი ჰელდერ პოშტიგამ ვერ გამოიყენა. მეკარესთან პირისპირ გასულმა კარს ვერ დაუმიზნა. რაულ მეირელეშსაც სანტიმეტრები დააკლდა მარტინ სტეკელენბურგის კარის აღებამდე.
პორტუგალიელები უკანმოუხედავ შეტევებში ისე გაერთნენ, რომ რამდენიმე სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ. ჯერ იყო და არიენ რობენმა გაუშვა ხელიდან ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, შემდეგ კი ნაიჯელ დე იონგმა ვერ დაუმიზნა რუი პატრიციოს კარს. ეს ყველაფერი საწყის 27 წუთში მოხდა და თავად განსაჯეთ, როგორი გახსნილი თამაშიც გამოვიდა. 28-ე წუთზე კი რონალდუმ ანგარიში 1:1 გახადა – ჟოაო პერეირას ჭკვიანური პასით მეკარეს პირისპირ შეტოვებულმა ვარსკვლავმა მიმდინარე ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.  საერთოდაც, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, კრიშტიანუ რონალდუ ბევრად აქტიური იყო და პორტუგალიელთა წარმატებაც მნიშვნელოვანწილად სწორედ მისმა გაბრწყინებამ განაპირობა. ტაიმის ბოლომდე რონალდოს კიდევ ორჯერ შეეძლო ჰოლანდიელთა დამწუხრება, მაგრამ პირველ ეპიზოდში მეკარემ აჯობა, ხოლო მეორეში სამიზნეს ოდნავ ააცილა.
შესვენების შემდეგ სახიფათო მომენტების რაოდენობამ აშკარად იკლო. ანგარიში კი ერთადერთხელ შეიცვალა. სამქულიანი და მეოთხედფინალის საგზურის მომპოვებელი გოლი კი 74-ე წუთზე ისევ კრიშტიანუმ გაიტანა.
პორტუგალიამ B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 21 ივნისს, მეოთხედფინალში ჩეხეთს დაუპირისპირდება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s