გერმანიამ საბერძნეთთანაც გაილაღა

ევრო 2012-ის ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა – გერმანიის ნაკრებმა მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და მეოთხედფინალურ ბარიერსაც ისევე ლაღად გადაევლო, როგორც ჯგუფური ეტაპისას.  მთავარმა მწვრთნელმა საბერძნეთთან თამაშის წინ, ბევრისთვის მოულოდნელად, სასტარტო შემადგენლობა გადაახალისა. ძირითად თერთმეტეულში ამჯერად არ შეიყვანა ტომას მიოლერი და მარიო გომესი და თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებს – მარკო როისსა და ანდრე შორლეს მისცა. შემადგენლობაში გამოცდილი მიროსლავ კლოზეც გამოჩნდა.
გერმანელები საწყისი წუთებიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და გოლიც სწრაფადვე გაიტანეს, მაგრამ მსაჯებმა თამაშგარე დააფიქსირეს და გაუუქმეს. მიხალის სიფაკისის კართან ამის შემდეგაც არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ანგარიშის გახსნა კლოზეს, როისს, შორლესა და იოზილს რამდენიმეჯერ შეეძლოთ, მაგრამ შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ხეირიანად დარტყმას ვერ ახერხებდნენ. 39-ე წუთზე ამ ფეხბურთელებისთვის შეუძლებელი მცველმა ფილიპ ლამმა შეძლო – საჯარიმოს გარედან, მეკარისგან შორეულ კუთხეში უძლიერესად და უზუსტესად დაარტყა და თანაგუნდელები შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ტაიმიც გერმანიის კარნახით დაიწყო. კიდევ რამდენიმე ხელსაყრელი საგოლე შანსი განიავდა. 55-ე წუთზე გოლი მაინც გავიდა, ოღონდ მათსავე კარში. სწრაფი კონტრშეტევა სამარასმა ნოიერის კარის აღებით დააგვირგვინა.
ბერძენი გულშემატკივრების ზეიმი ხუთიოდ წუთს გაგრძელდა, ვიდრე სამი ხედირამ მიხალის სიფაკისს მეორედ არ გამოატანინა საკუთარი კარიდან ბურთი.  იქვე სალპინგიდისს ანგარიშის კიდევ ერთხელ გათანაბრება შეეძლო, ხელსაყრელი პოზიციიდან კარისთვის რომ დაემიზნებინა.
მერე კი დაიწყო და რა დაიწყო – მოედნის სრული ბატონ-პატრონი ლიოვის გუნდი გახდა და დროის 6-წუთიან მონაკვეთში ანგარიში 4:1-მდე გაიზარდა.  თავი კლოზემ და როისმა გამოიჩინეს. საბოლოო ანგარიში – 4:2 კი სალპინგიდისმა, თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააფიქსირა, 89-ე წუთზე.
28 მარტს, ვარშავაში ჩასატარებელ ნახევარფინალში გერმანია იტალიასა და ინგლისს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s