უსახური მატჩი ლოგიკური შედეგით

სანახაობრივი თამაშებით მდიდარ ევრო 2012-ზე სულ რამდენიმე მოსაწყენი შეხვედრა გამოერია და ერთ-ერთი მათგანი ესპანეთ-საფრანგეთის მეოთხედფინალი გამოდგა. ევროპული ფეხბურთის გრანდების დუელი ლოგიკური შედეგით დასრულდა – ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა – ესპანელებმა ასევე ტიტულოვან მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა – ანდრეს ინიესტას მიერ წამოწყებული კომბინაცია ხორდი ალბამ საჯარიმოში ჩაკიდებით გააგრძელა და ჩაბი ალონსოს ბურთი პირდაპირ თავზე დაასვა. ამ უკანასკნელმა კი ფრანგთა მეკარე ჰუგო ლორისი მოძრაობაზე დაიჭირა და საპირისპირო კუთხეში აუღებელი დაურტყა.  სწორედ ეს გოლი იყო თამაშის პირველი სახიფათო მომენტი. ტაიმის დარჩენილ დროში კი ყველაზე დასამახსოვრებელი იოჰან კაბაიეს მიერ შესრულებული ჯარიმა იყო, როდესაც იკერ კასილასმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
შესვენების შემდეგ ფრანგები ოდნავ გამოცოცხლდნენ. ფრანკ რიბერის ჩაწოდებას მეთიუ დებუჩის თავური მოჰყვა, რომელიც მიზანს სანტიმეტრებით ასცდა.  ცოტა ხანში ესპანელი მცველები თავად რიბერიმაც აანერვიულა, მაგრამ კარის ჩარჩოს ვერც მან დაუმიზნა.
ნელ-ნელა თამაში ისევ პირველი ტაიმის კალაპოტს დაუბრუნდა და ბურთზე კონტროლი კვლავ ესპანეთმა მოიპოვა. 90-ე წუთზე იტალიელმა მსაჯმა ნიკოლა რიცოლიმ ლორისის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. ბურთთან ჩაბი ალონსო მივიდა და თავად ხომ დუბლი მიითვალა, მეტოქეს შეხვედრის გადარჩენის შანსი მოუსპო – 2:0.
ევროპის ჩემპიონატზე ერთი ნახევარფინალური წყვილი უკვე შეიკრა – 27 ივნისს ესპანეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება. იქამდე კი, 24 ივნისს მეოთხე მეოთხედფინალი გაიმართება, ინგლისსა და იტალიას შორის და ამ მატჩში მესამე ნახევარფინალისტის – გერმანიის მეტოქე გამოვლინდება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s