უგოლო, მაგრამ უხვგოლიანებზე ლამაზი

ევრო 2012-ზე ოთხი საუკეთესო გუნდის ვინაობა გარკვეულია. პორტუგალიის, გერმანიისა და ესპანეთის შემდეგ, ნახევარფინალის საგზურს იტალიის ნაკრები დაეუფლა. კლაუდიო ჩეზარე პრანდელის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში როი ჰოჯსონის ინგლისი დაამარცხა.
აპენინელებმა მიზანს მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში მიაღწიეს. იქამდე კი 120 სათამაშო წუთი უგოლოდ, თუმც საოცრად დინამიურად ჩათამაშდა. საინტერესოა, რომ უკრაინა-პოლონეთში მიმდინარე შეჯიბრებაზე, აქამდე ჩატარებული 27 თამაშიდან უგოლოდ არც ერთი არ იყო დასრულებული.
შეხვედრის პირველივე წუთებიდან თვალშისაცემი გახდა იტალიელთა უჩვეულოდ გახსნილი და შემტევი ფეხბურთი. პირველი სახიფათო მომენტი მესამე წუთზე შექმნეს – დანიელე დე როსის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი ინგლისის კარის ძელს მოხვდა. ბრიტანელები არ დაიბნენ და ორიოდ წუთში ანგარიშის გახსნას ხელი უკვე ჯანლუიჯი ბუფონმა შეუშალა. იტალიელთა გოლკიპერმა ჯონსონის ახლოდან დარტყმულს საოცარი რეაქცია მოაყოლა.  იქვე უეინ რუნის მიერ საჯარიმოში შეცურებული ბურთი მცველებმა კუთხურზე მოიგერიეს. რუნის თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ კარს ვერ დაუმიზნა.
ეს ყველაფერი საწყის 10-12 წუთში ჩაეტია. შემდეგ კი მოედნის ბატონ-პატრონი იტალია გახდა და ტაიმის ბოლომდე მარტო მარიო ბალოტელის, იან ჰარტის კარის დალაშქვრა მინიმუმ სამჯერ მართებდა. მის გარდა საგოლე შანსები ანტონიო კასანომ და რიკარდო მონტოლივომაც ვერ გამოიყენეს.  ინგლისელებმა მეტოქის ზეწოლას ერთი-ორჯერ სწრაფი კონტრშეტევით უპასუხეს, მაგრამ ბუფონს ნახტომის გაკეთება არ დასჭირვებია.
გახსნილი თამაში შესვენების შემდეგაც გაგრძელდა და ისევ ბალოტელიმ, დე როსიმ და მონტოლივომ გაანიავეს ურეალურესი საგოლე შანსები.  ინგლისელთაგან კი ეშლი იანგმა ვერ დაუმიზნა ხელსაყრელი პოზიციიდან კარის ჩარჩოს. ძირითადი დროის დასრულებამდე წამებით ადრე რუნიმ მაკრატელათი სცადა გატანა, მაგრამ ხარიხას გადააცილა. ამ მომენტამდე ორიოდ წუთით ადრე ინგლისი ერთხელაც გადარჩა – შეცვლაზე შესულ ნოჩერინოს გლენ ჯონსონმა ზედ კარის წინ დაუფარა.
დამატებით დროში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები ასევე შეცვლაზე შესულმა ალესანდრო დიამანტიმ და ნოჩერინომ შექმნეს. დიამანტის დარტყმის შემდეგ ბრიტანელები ისევ ძელმა გადაარჩინა. ნოჩერინომ კი სულაც, გაიტანა, ოღონდ თამაშგარედან.
პენალტების სერია გოლით ბალოტელიმ გახსნა. ჯერარდმა 1:1 გახადა, მონტოლივომ კარს ააცილა, ხოლო რუნიმ ინგლისი წინ გაიყვანა და ინგლისი ნახევარფინალს მიუახლოვა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვეღარ აუბეს. იანგმა ხარიხა შეაზანზარა, ეშლი კოულს კი ბუფონმა აჯობა.  პირლომ, ნოჩერინომ და დიამანტიმ გასატანი აუღელვებლად გაიტანეს და იტალიამ 4:2 იმარჯვა.
ნახევარფინალები 27-28 ივნისს გაიმართება. ესპანეთი პორტუგალიას შეხვდება, იტალია – გერმანიას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s