დიდი გოლაობა კიევში – ესპანური ტრიუმფი და ბევრი რეკორდი

ესპანეთის ნაკრები პირველია, ვინც:
1 ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
2 ზედიზედ სამჯერ გახდა მსოფლიოსა (2010) და ევროპის (2008 და 2012) ჩემპიონი.
3 ევროპირველობის ფინალში მეტოქე 4-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა.
მარტო ამ სამ რეკორდშიც ვერაფრით ჩაეტევა “ფურია როხას” ტრიუმფი ევრო 2012-ზე. ბრწყინვალე თამაშს და უმთავრესი ფავორიტის სახელის გამართლებასაც არ ვგულისხმობთ. ისევ კონკრეტულ რეკორდზე გეტყვით: ესპანელი ფერნანდო ტორესი პირველი ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ ორი ევროპირველობის ფინალში შეძლო გოლის გატანა.
ესპანეთი ულაპარაკოდ პირველია და ეს 1 ივლისის ღამეს ერთხელაც დაამტკიცა, კიევურ ფინალში. ვისენტე დელ ბოსკეს ბრწყინვალე გუნდმა იტალია თამაშითაც და მით უმეტეს, ანგარიშით უმოწყალოდ დაჩაგრა.
დელ ბოსკემ ბოლო შეხვედრებში არჩეულ ტაქტიკურ მონახაზს არც ამჯერად უღალატა და ჩემპიონატის გადამწყვეტი შეხვედრისთვისაც, ძირითადი შემადგენლობა გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე დააკომპლექტა. პლეი-ოფის თამაშებში ამ ტაქტიკამ თამაშის ხარისხით ვერა, მაგრამ შედეგით კი გაამართლა. ხოლო ფინალში ესპანელებმა გამოკვეთილი ფორვარდის გარეშეც ჩვეული ლაღი და ულამაზესი ფეხბურთი აჩვენეს.
მოქმედმა და მომავალმა ჩემპიონმა ბურთზე კონტროლის მხრივ უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვა და თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში სტაბილურად შეინარჩუნა. პირველი სახიფათო მომენტი ჯანლუიჯი ბუფონის კართან მე-10 წუთზე სესკ ფაბრეგასმა შექმნა, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა. შვიდ წუთში ფაბრეგასისვე აქტიურობით და ბრწყინვალე თამაშით “სკუადრა აძურას” განადგურება დაიწყო.  ბარსელონელი საჯარიმოში შეიჭრა და მაშინ, როდესაც ბურთი უკვე პირით ხაზს მიღმა უნდა გაქცეოდა, დიეგო სილვას საგოლე გადაცემა გაუკეთა. ამ უკანასკნელმაც, ბუფონისგან დაუცველ კუთხეში მძლავრი თავურით გაიტანა.
იტალიელები უმალ გამოცოცხლდნენ და რამდენიმეჯერ ანგარიშის გათანაბრება სცადეს, მაგრამ კასანოს, ბალოტელისა და მონტოლივოს წინ იკერ კასილასი გადაეღობათ.
ტაიმის მიწურულს ესპანეთი უკვე ორი ბურთით დაწინაურდა, ჩავის მიერ ბუფონს პირისპირ შეტოვებული ალბას ზუსტი დარტყმის შემდეგ. შესვენებამდე გუნდებმა თითო მომენტიც გაცვალეს. ორივე შემთხვევაში მეკარეებმა იყოჩაღეს. მეორე ტაიმი კი აპენინელთა რეალური შანსით დაიწყო. შეცვლაზე შესულ დი ნატალეს ჩამორჩენის შემცირებამდე ზუსტი დარტყმა დააკლდა. იმავე დი ნატალეს ცოტა ხანში კასილასმა ხუთიოდ მეტრიდან არ გაატანინა. ამ მომენტებს შორის კი იყო ეპიზოდი, რომელიც ბუფონის კარში პენალტის დანიშვნით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მსაჯმა აპენინელები აშკარად დაინდო.
62-ე წუთზე “სკუადრა აძურა” მოედანზე 10 კაცით დარჩა. მინდორზე სათადარიგოთა სკამიდან ახლადშესულმა ტიაგო მოტამ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ჩეზარე პრანდელის ამ დროისთვის უკვე სამივე ცვლილება გაკეთებული ჰქონდა.
ჯერ თანაბარ პირობებში ვერ სჯობდა მეტოქეს და კაცნაკლულმა იტალიამ შეხვედრის გადარჩენის ყველანაირი შანსი დაკარგა. “ფურია როხა” მთლად მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან დასახლდა და აშკარა გახდა, მესამე გოლი წუთების ამბავიღა იყო. ასეც მოხდა.  თავი ფერნანდო ტორესმა გამოიჩინა, რომელსაც დელ ბოსკემ ამჯერად შეცვლაზე თამაშის სიამოვნება მისცა.
მატჩის მიწურულს ტორესმა საგოლე გადაცემის შესრულებაც მოასწრო – წერტილი ფინალს და მთლიანად ევრო 2012-ს ხუან მატამ დაუსვა – 4:0.
უახლოეს ოფიციალურ შეხვედრას ესპანეთის ნაკრები 11 სექტემბერს, თბილისში ჩაატარებს, საქართველოს წინააღმდეგ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s