ვერცხლის და ბრინჯაოს დღე

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ლონდონური მარაგი გუშინ თითო ვერცხლითა და ბრინჯაოთი შეივსო. საგამოფენო ცენტრ “ექსელის” დარბაზში გაშლილი ხალიჩიდან მედლები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გამოიტანეს.
120 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით მოძმანაშვილი ფინალამდე ისე მივიდა, არც ერთ მეტოქესთან სეტიც არ დაუკარგავს. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი უზბეკეთის ნაკრების უხვტიტულა წევრთან, არტურ ტაიმაზოვთან დამარცხდა.  ცნობისთვის, ტაიმაზოვი ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა – 2000 წელს ვერცხლის მედალს დასჯერდა, 2004, 2008 და აგერ, 2012 წლებში კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. 33 წლის სპორტსმენმა აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატის 2 ოქროს მედლის მოპოვებაც მოასწრო.
დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ოლიმპიური ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად სახელდებოდა, მაგრამ მეოთხედფინალში მოულოდნელად პუერტორიკოელ ხაიმე იუსეპტ ესპინალთან დამარცხდა და საბოლოოდ მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. 
სულ კი გუშინ მედლების 32 კომპლექტი გათამაშდა და აქედან 6 ოქრო რუსეთის დელეგაციამ მიითვალა. მათ განსაკუთრებით მძლეოსნობაში გაილაღეს. გამოსარჩევის 20 კილომეტრ დისტანციაზე სპორტულ სიარულში 20 წლის ელენა ლაშმანოვას მიერ დამყარებული მსოფლიოს რეკორდი.
შედეგიანი დღის შედეგად რუსებს ჯამში 21 ოქრო დაუგროვდათ და საერთო ჩათვლაში მე-4 ადგილს მათ ვეღარავინ შეეცილებათ, თუმცა ვერც თავად შეძლებენ მე-3 ადგილიდან მასპინძელთა ჩამოქვეითებას – ბრიტანელებმა გუშინ ოქროს მედლების საერთო რაოდენობა 28-მდე გაზარდეს.
იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა ერთხელაც გაიბრწყინა ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე. ამჯერად სამ თანამემამულესთან ერთად, 4X100 მეტრზე ესტაფეტაში, ოქროს მედალი მსოფლიოს რეკორდით მოიგო. მათ დისტანცია 36,84 წამში გაირბინეს და შარშან ნაჩვენებ თავიანთსავე სარეკორდო მაჩვენებელს 0,2 წამი ჩამოაჭრეს.
ამერიკელებმა 11 აგვისტოს საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩინელებს უკვე 6 ოქროთი გაუსწრეს. ეს კი უკვე იმას ნიშნავდა, რომ 4 წლის წინანდელ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე განცდილი საერთო მარცხისათვის დამაჯერებელი რევანში აიღეს.
დაბოლოს, ერთი ნაკლებად მოსალოდნელი შედეგიც, რომელიც მამაკაც ფეხბურთელთა ფინალში დაფიქსირდა – ბრაზილიის ნაკრები მექსიკასთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

Advertisements

მსაჯები მოკვეთეს, შედეგს ვერავინ შეცვლის

“ჭიდაობაში რომ ყველაფერი რიგზე იყოს და მსაჯები სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებდნენ, დღეს ოქროს მედალით გავიხარებდით” – თქვა გუშინ საღამოს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა. ნახევარფინალში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიერ, მეორე პერიოდის ბოლო წამებზე რუსეთის ნაკრების წევრ ოთარსულთანოვისთვის შესრულებული გდება აშკარად მომგებიანი იყო და ფინალისტის ვინაობა გადამწყვეტ პერიოდს უნდა გამოევლინა.
ნახევარფინალის შედეგი არა მარტო ნაცვლიშვილის და ქართველი გულშემატკივრების, არამედ საგამოფენო ცენტრ ექსელის საჭიდაო დარბაზში მყოფი ნეიტრალური მაყურებლის აბსოლუტური უმრავლესობის აზრითაც, მსაჯების არაობიექტური გადაწყვეტილების ბრალი იყო. ერთადერთი, ვისაც ცუდ მსაჯობაზე სიტყვაც არ უთქვამს, თავად ხინჩეგაშვილია. 21 წლის მოჭიდავე მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს, უფრო თამამად უნდა მეჭიდავა და არ წავაგებდიო.
ხინჩეგაშვილისა და ოთარსულთანოვის შეხვედრის მსაჯები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობამ ოლიმპიადის ბოლომდე დისკვალიფიკაციით დასაჯა. ანალოგიური სანქცია გამოიტანეს მსაჯთა მაგიდის წევრებისთვისაც, რომლებმაც სადავო ეპიზოდის ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ უსამართლობაზე თვალი დახუჭეს.
დამნაშავეები კი დასაჯეს, მაგრამ ამით ქართველები ვერაფერ ხეირს ვნახავთ. რუსეთის ნაკრების წევრი უკვე ოლიმპიური ჩემპიონია, ქართულ ოლიმპიურ ყულაბაში კი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.
გუშინვე ლონდონურ ხალიჩაზე დავით ხუციშვილიც (74 კგ) გავიდა, მაგრამ მეოთხედფინალში რუსეთის სახელით მოჭიდავე აფხაზ დენის ცარგუშთან დამარცხდა.  ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც მალევე დაკარგა, რადგან ცარგუშმა ფინალში ვერ გააღწია.
საერთო გუნდურ ჩათვლაში კი უკვე ამერიკელები ლიდერობენ.  სავარაუდოდ ამ უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებენ.

ლონდონში თავისუფლების დღეები იწყება

საქართველოს სპორტულ დელეგაციას ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის თითო მედალი დაუგროვდა. ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის ოქროსა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხის ვერცხლს ასევე “ბერძენ-რომაელმა” მანუჩარ ცხადაიამ თავისი წილი ბრინჯაო მიამატა.
ოლიმპიური კვარცხლბეკის თუნდაც მესამე საფეხურზე ასვლაც წარმატებაა, მაგრამ ცხადაიას შემთხვევაში შედეგი უფრო გულდასაწყვეტი აღმოჩნდა.
ევროპისა და მსოფლიოს ქართველი პრიზიორი ლონდონში ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის რანგში ჩავიდა, რადგან მისმა გამორჩეულმა კონკურენტებმა – რუსმა და აზერბაიჯანელმა მოჭიდავეებმა ყველასათვის მოულოდნელად, ოლიმპიური ლიცენზიები საერთოდ ვერ მოიპოვეს. ცხადაიამ სწორედ ისე დაიწყო, როგორც უნდა დაეწყო, მაგრამ ნახევარფინალში ძალა გამოელია და უნგრელ მეტოქესთან დამარცხდა. არადა მასთან აქამდე ჩატარებულ პირად შეხვედრებში გვარიანი უპირატესობა ჰქონდა.
“ფეხზე ძლივს ვიდექი. ენერგია ერთბაშად წამერთვა. ბოლო ორ თვეში 12 კილოგრამი დავიკელი და გამოვიფიტე. ორი შეხვედრის შემდეგ საშინლად დავიღალე. ძალების აღსადგენად დრო არ მეყო და ამდენი ხნის წვალება წყალში ჩამეყარა. კიდევ კარგი ბრინჯაო მაინც ავიღე. ამ შეხვედრის წინ 2 საათი მქონდა. გამოძინება მოვასწარი და უკვე კარგად ვიყავი” – თქვა ცხადაიამ დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა უკვე დაასრულეს. 10-12 აგვისტოს ხალიჩაზე თავისუფლები გავლენ და საქმეში 7 ქართველიც ჩაერთვება.
საერთო გუნდურ ჩათვლას კი ისევ ჩინეთი ლიდერობს, 36 ოქროს მედლით.  ამერიკელებს ორით ნაკლები აქვთ, ხოლო მესამე ადგილს მასპინძლები იკავებენ, 22 ოქროთი.
გუშინ ვაჟთა შორის 200 მეტრზე სირბილის ნახევარფინალები გაიმართა და საუკეთესო დრო იამაიკელმა იოჰან ბლეიკმა აჩვენა – 20,01, მეორე – ამერიკელმა უოლოს სპირმონმა (20,02), ხოლო მესამე – ფრანგმა კრისტოფ ლემეტრმა (20,03).  უსაინ ბოლტი ფინალში მხოლოდ მე-5 დროით – 20,18 გავიდა, თუმცა აშკარად “ნახევარი ძალით” ირბინა.
იაპონელმა ქალებმა გუშინ ორი ოქრო მიითვალეს. ორივე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 48 და 63 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
გამოვლინდნენ ვაჟ კალთბურთელთა ტურნირის ნახევარფინალისტები: ამერიკის შეერთებული შტატები არგენტინას დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთი – რუსეთს.
კალათბურთისგან განსხვავებით, ფრენბურთში ამერიკელ ვაჟებს წარუმატებელი დღე ჰქონდათ – მეოთხედფინალში იტალიასთან წააგეს და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე ფიქრი ნაადრევად დაასრულეს.
ვაჟ წყალბურთელთა ტურნირის ნახევარფინალში კი ხორვატია ჩერნოგორიას დაუპირისპირდება, იტალია – სერბეთს.

ვერცხლი, უსამართლობა და იმედგაცრუება

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა ქართულ ოლიმპიურ დელეგაციას მეორე მედალი მოუპოვა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველს ლონდონური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა.
სატიტულო შეხვედრაში ლაშხი ირანელ მსოფლიოს ჩემპიონ ომიდ ჰაჯი ნორუზთან დამარცხდა – პირველ სეტში გადამწყვეტი ჩოქბჯენი ვერ გამოიყენა.  მეორეში კი, დაღლა დაეტყო, რითაც კარგად ისარგებლა ნორუზმა, მომგებიანი ქულა აიღო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
6 აგვისტოს ქართველთათვის საინტერესო კიდევ ბევრი რამ მოხდა, ოღონდ არა სასიხარულო. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სამეულში მოხვედრის შანსი ბოლო მომენტში გაუშვეს ხელიდან ვლადიმერ გეგეშიძემ (84 კგ) და გურამ ფერსელიძემ (120 კგ). ამ უკანასკნელის შემთხვევაში მარცხი ლოგიკური იყო. გეგეშიძე კი უმედლოდ არაობიექტურმა მსაჯობამ დატოვა – ნახევარფინალში მას სამქულიანი ილეთი მხოლოდ ერთი ქულით შეუფასეს და გამარჯვება რუს ხუგაევს მიანიჭეს.  მესამე ადგილისთვის შეხვედრის მიწურულს ქართველი ერთხელაც დაჩაგრეს – ბრინჯაოს მედლის გამნაღდებელი ორქულიანი გდება გაუუქმეს და ქულა და მედალი გეგეშიძის ყაზახ მეტოქეს აჩუქეს.  ქართულმა დელეგაციამ უსამართლობა დიდხანს აპროტესტა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ გეგეშიძემ და ფერსელიძემ მე-5 ადგილები დაიკავეს.
მორიგი იმედგაცრუება ქართველმა გულშემატკივრებმა ძალოსან გია მაჭავარიანისგან (105 კგ) მიიღეს.  არადა ყველაფერი ისე დაიწყო, მაჭავარიანის გულშემატკივრებს რომ გვაწყობდა – ჩემპიონობის ორი უმთავრესი ფავორიტი, რუსი ძალოსნები აკაევი და კლოკოვი შეჯიბრებას დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოეთიშნენ. მიზეზად ტრავმები დასახელდა, მაგრამ კულუარებში სულ სხვა მიზეზზე ალაპარაკდნენ, აქაოდა, რუსები საქმეს პატიოსნად არ უდგებოდნენ და როდესაც ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, დოპინგ-სკანდალში გახვევის შიშით ფიცარნაგზე გასვლა ვეღარ გარისკესო.
მთავარი ფავორიტი უკვე პოლონელი დოლეგა გახდა, მაგრამ… პირველი მოძრაობის – ატაცის შემდეგ ისიც ნაადრევად გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას.  აქაც გაგვიმართლა. მაჭავარიანმა მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლო 185-კილოგრამიანი შტანგის აწევა და მეორე ადგილზე გასასვლელად ესეც ეყო. მეორე მოძრაობაში – აკვრაში კი ყველასთვის მოულოდნელად, ვერც ერთი ცდა ვერ გამოიყენა და ოლიმპიადა უშედეგოდ დაასრულა.
რაც შეეხება არაქართულ სიახლეებს, საერთო გუნდური ჩათვლის ზედა სამეულში ვითარება არ შეცვლილა – ჩინელებმა და ამერიკელებმა გუშინ მხოლოდ თითო-თითო ოქრო მიითვალეს, ბრიტანელებმა კი მარაგი ორი ოქროთი გაზარდეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალთა ჭოკით ხტომაში 30 წლის ამერიკელ ჯენიფერ სურის გამარჯვება და 30 წლის რუს ელენა ისინბაევას მარცხი.  ათენისა და პეკინის ოლიმპიადების გამარჯვებულმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და მსოფლიოს რეკორდსმენმა 4,70 მეტრი სიმაღლე დაძლია და მესამე ადგილს დასჯერდა.

ჩინური სიხარული და იამაიკური გვირგვინი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება ვერ შეძლო, მაგრამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლა და ქართველი გულშემატკივრები მისი გარჯით მაინც კმაყოფილნი დარჩნენ.  21 წლის  სპორტსმენმა პირველი ორი წრე დამაჯერებლად გაიარა, მაგრამ შემდეგ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ემინ აჰმადოვთან დამარცხდა. ხოლო, რაკიღა აჰმადოვი ფინალში ვერ გავიდა, დათუნაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა.
5 აგვისტოს ქართველთაგან ოლიმპიურ თამაშებში მხოლოდ დათუნაშვილი ჩაერთო. უცხოური ამბებიდან კი გამოსარჩევი საერთო გუნდურ ჩათვლაში ლიდერის შეცვლაა.  ჩინელებმა ამერიკელებისთვის ორი დღით დათმობილი პირველობა გუშინ ბადმინტონში, ტანვარჯიშში, წყალში ხტომასა და ძალოსნობაში მოპოვებული 5 ოქროს მედლით უკან დაიბრუნეს.
ბადმინტონში ჩინელმა ათლეტებმა ხუთი შესაძლებლიდან ხუთივე ოქრო მოიხვეჭეს. ანალოგიური შედეგიანობით გამოირჩევიან ამ ქვეყნის წყალში მხტომელებიც.
მინსია ვუმ უკვე მეექვსე ოლიმპიური მედალი მოიპოვა (4 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და ამით თავისი ყოფილი პარტნიორის გუო წინწინგის რეკორდი გაიმეორა.
ამერიკელები გუშინ მხოლოდ 2 ოქროს დასჯერდნენ. ოლიმპიადებზე უკვე მესამე ერთობლივი გამარჯვება მოიპოვეს ჩოგბურთელმა დებმა სერენა და ვინუს უილიამსებმა, რომელთაც ქალთა წყვილების შეჯიბრში სიდნეისა (2000) და პეკინის (2008) თამაშებზეც ემარჯვათ.
ლეგენდარული როჯერ ფედერერი კი ოლიმპიადის ერთეულთა ტურნირის ოქროს მედალს ვერც მეოთხე ცდაზე შეწვდა. ფინალში იგი ბრიტანელ ენდი მარეისთან სამსეტიან ბრძოლაში დამარცხდა. 

ეგებ ეს ფედერერისთვის კარიერის ბოლო მცდელობაც იყოს. შვეიცარიელი ვარსკვლავი 31 წლისაა.
5 აგვისტოს გვირგვინი მამაკაცთა შორის 100 მეტრზე ფინალური გარბენი იყო. ხალხით გადაჭედილ ოლიმპიურ სტადიონზე იამაიკელმა უსაინ ბოლტმა კვლავაც შეუდარებლად ირბინა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ოლიმპიური რეკორდით დაიცვა – დისტანცია 9,63 წამში დაფარა.  ეს ოლიმპიადებზე ბოლტის მეოთხე უმაღლესი სინჯის მედალია.

25-ოქროიანი დღე

ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ 4 წლის წინანდელ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენები შედეგი – მე-6 ადგილი ლონდონში ერთი საფეხურით გააუარესა.  ერთი შეხედვით წარუმატებლობაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ გოლოვინა ზედ შეჯიბრების წინ დაშავდა და ბოლო მომენტამდე მისი ჭიდაობა საეჭვო იყო, საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და ფინალურ 8 საუკეთესოში მოხვედრაც შესაქები შედეგია. ნატურნირევს თავად სპორტსმენმაც თქვა, ნატკენ ფეხს ძალას საერთოდ ვერ ვატანდიო. თან იქვე დანანებით დასძინა, არადა ამ ოლიმპიადისთვის როგორ ვემზადებოდიო.  გოლოვინა ერთადერთი იყო ქართული დელეგაციის წევრთაგან, ვინც გუშინ გავიდა ოლიმპიურ სარბიელზე.

სულ კი 3 აგვისტოს მედლების 25 კომპლექტი გათამაშდა და აქედან ყველაზე მეტი – 6 მასპინძლებმა მოიპოვეს. ამ წარმატებით ბრიტანელებმა საერთო ჩათვლაში მესამე საფეხურზე აინაცვლეს.


საოცრად დაძაბული ბრძოლაა გაჩაღებული საერთო ჩათვლაში პირველობისათვის ამერიკელებსა და ჩინელებს შორის. გუშინ ორივე დელეგაციამ 5-5 ოქროს მედალი მოიხვეჭა.

ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა 31 წელს მიტანებულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ქალმა სერენა უილიამსმა, რომელმაც ერთეულთა თანრიგში ისე იმარჯვა, სეტიც არ წაუგია და ყველა მეტოქეს უპრობლემოდ გაუსწორდა. ფინალში რუს მარია შარაპოვას სულაც 6:0 6:1 მოუგო.


კარიერა მე-18 ოლიმპიური ოქროს და ჯამში 22-ე ოლიმპიური მედლის (18 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) მოხვეჭით დაასრულა ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა ოლიმპიელმა და მოცურავემ ამერიკელმა მაიკლ ფელპსმა.


ქალთა შორის ბადროს ტყორცნაში ოქრო მოიპოვა 22 წლის ხორვატმა სანდრა პერკოვიჩმა, ვინაც შარშან დოპინგის გამოყენების გამო 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.


დღე ქალთა შორის 100 მეტრზე გარბენით დასრულდა, რომელშიც იამაიკელმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა 4 წლის წინ პეკინში ამავე დისტანციაზე ნაშოვნი ოქრო შეინარჩუნა.

მორიგი წარუმატებელი დღე

ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოსთვის გამოყოფილი დღეები მძიმე წონითი კატეგორიით და ქართველთათვის მძიმედ დასრულდა. ადამ ოქრუაშვილი ტატამზე ერთადერთხელ გავიდა და უხერხულ მეტოქესთან, გერმანელ ანდრეას ტოლცერთან უშანსოდ წააგო.  ქართველ მძიმეწონოსანს სახიფათოდ ერთხელაც არ შეუტევია, პასიურობის გამო ორჯერ გაფრთხილება მიიღო, შემდეგ კი შებოჭვაზე მოჰყვა და შეჯიბრებას გამოეთიშა.
წარუმატებელი შეიძლება დავარქვათ ძალოსან რაულ ცირეკიძის მიერ ნაჩვენებ შედეგსაც. ევროპის ჩემპიონი შედარებით სუსტ – ბ ჯგუფში გავიდა ფიცარნაგზე და 11 მონაწილეს შორის მე-2 შედეგი აჩვენა, ხოლო მას შემდეგ, რაც საქმე ა ჯგუფის მონაწილეებმაც მოილიეს, ქართველი ძალოსანი მე-9 ადგილამდე დაეშვა.
გუშინვე სარბიელზე სიგრძეზე მხტომელი ბოლესლავ სხირტლაძეც გავიდა და… საკვალიფიკაიო შეჯიბრში 42 მონაწილეს შორის 35-ე შედეგი აჩვენა. ცხადია, ფინალს მიღმა დარჩა, სადაც 12 საუკეთესო გადიოდა.  სამი ცდიდან სხირტლაძის საუკეთესო მაჩვენებელი 7,26 მეტრი იყო. არადა მისი პირადი რეკორდი 8,12 მეტრია.
აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც, სიგრძეზე ხტომაში პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონმა, პანამელმა ირვინგ სალადინომ ვერც ერთი ცდა ვერ გამოიყენა და შეჯიბრებას უსახელოდ გამოეთიშა.
ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ გუშინ ჩინელთა ორი ოქროს წილ უმაღლესი სინჯის სამი მედალი მოიხვეჭა. საერთო ჩათვლაში ამ მაჩვენებლითაც დაწინაურდა და მედლების ჯამური მონაგარითაც.
ამერიკელებმა სამივე ოქრო ცურვაში მოიპოვეს და აბა როგორ იქნებოდა, წარმატებაში თავისი წვლილი მაიკლ ფელპსსაც არ შეეტანა – 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში მეტოქეებს უკანასკნელ მეტრებზე გადაუსწრო და ლონდონურ 2 ოქროსა და 2 ვერცხლს მე-3 ოქროც წაამატა, რითაც თავისი ოლიმპიური ოქროს რიცხვი 17-მდე, მედლების საერთო რაოდენობა კი 21-მდე გაზარდა.
მძლეოსნობაში მედლების პირველი კომპლექტები გათამაშდა – პოლონელმა ბირთვის მკვრელმა ტომაშ მაიევსკიმ პეკინის ოლიმპიადზე მოხვეჭილი ოქროს მედალი ლონდონში წარმატებით დაიცვა.  10 ათას მეტრზე სირბილში კი ქალთა შორის ეთიოპიელი ტირუნეშ დიბაბა გაჩემპიონდა.