Tag Archives: ფეხბურთი

25-ოქროიანი დღე

ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ 4 წლის წინანდელ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენები შედეგი – მე-6 ადგილი ლონდონში ერთი საფეხურით გააუარესა.  ერთი შეხედვით წარუმატებლობაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ გოლოვინა ზედ შეჯიბრების წინ დაშავდა და ბოლო მომენტამდე მისი ჭიდაობა საეჭვო იყო, საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და ფინალურ 8 საუკეთესოში მოხვედრაც შესაქები შედეგია. ნატურნირევს თავად სპორტსმენმაც თქვა, ნატკენ ფეხს ძალას საერთოდ ვერ ვატანდიო. თან იქვე დანანებით დასძინა, არადა ამ ოლიმპიადისთვის როგორ ვემზადებოდიო.  გოლოვინა ერთადერთი იყო ქართული დელეგაციის წევრთაგან, ვინც გუშინ გავიდა ოლიმპიურ სარბიელზე.

სულ კი 3 აგვისტოს მედლების 25 კომპლექტი გათამაშდა და აქედან ყველაზე მეტი – 6 მასპინძლებმა მოიპოვეს. ამ წარმატებით ბრიტანელებმა საერთო ჩათვლაში მესამე საფეხურზე აინაცვლეს.


საოცრად დაძაბული ბრძოლაა გაჩაღებული საერთო ჩათვლაში პირველობისათვის ამერიკელებსა და ჩინელებს შორის. გუშინ ორივე დელეგაციამ 5-5 ოქროს მედალი მოიხვეჭა.

ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა 31 წელს მიტანებულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ქალმა სერენა უილიამსმა, რომელმაც ერთეულთა თანრიგში ისე იმარჯვა, სეტიც არ წაუგია და ყველა მეტოქეს უპრობლემოდ გაუსწორდა. ფინალში რუს მარია შარაპოვას სულაც 6:0 6:1 მოუგო.


კარიერა მე-18 ოლიმპიური ოქროს და ჯამში 22-ე ოლიმპიური მედლის (18 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) მოხვეჭით დაასრულა ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა ოლიმპიელმა და მოცურავემ ამერიკელმა მაიკლ ფელპსმა.


ქალთა შორის ბადროს ტყორცნაში ოქრო მოიპოვა 22 წლის ხორვატმა სანდრა პერკოვიჩმა, ვინაც შარშან დოპინგის გამოყენების გამო 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.


დღე ქალთა შორის 100 მეტრზე გარბენით დასრულდა, რომელშიც იამაიკელმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა 4 წლის წინ პეკინში ამავე დისტანციაზე ნაშოვნი ოქრო შეინარჩუნა.

Advertisements

ესპანელებმა ეჭვგარეშე იფავორიტეს

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანეთის ნაკრებმა ფავორიტის სტატუსი ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურშიც გაამართლა. ვისენტე დელ ბოსკეს გაწვრთნილმა გუნდმა ყველას დაუმტკიცა, რომ ბოლო დღეებში ევროპული გამოცემების მიერ გამოთქმული ეჭვები სისულელე იყო.  შეგახსენებთ, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი შანსი იყო, ესპანეთსა და ხორვატიას 2:2 ან უფრო უხვგოლიანი ფრე ეთამაშათ, რითაც იტალიას ჯგუფში ჩატოვებდნენ, მაგრამ მავანთა მოლოდინი არ გამართლდა.  ესპანელებმა მეოთხედფინალში პირველი ადგილით გასასვლელად სუფთად ითამაშეს და სამი ქულა დამსახურებულად მიითვალეს, თუმცა ვიდრე მიზანს მიაღწევდნენ, გულშემატკივრები გვარიანად ანერვიულეს.
ლამის მთელი შეხვედრის განმავლობაში ბურთს ევროპის ჩემპიონები აკონტროლებდნენ, მაგრამ რეალურ საგოლე ეპიზოდებამდე საქმე ვერაფრით მიჰყავდათ. ხორვატები თავს მშვენივრად იცავდნენ და დროდადრო სწრაფ და სახიფათო კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ. სლავენ ბილიჩის შეგირდები ყველაზე ახლოს სამიზნესთან 59-ე წუთზე მივიდნენ – ლუკა მოდრიჩმა მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და მოწინააღმდეგის საჯარიმოში ივან რაკიტიჩს თავზე დაასვა ბურთი. ამ უკანასკნელმაც მშვენივრად დაარტყა, მაგრამ ესპანელები დამწუხრებას იკერ კასილასმა სასწაული ნახტომით გადაარჩინა.
მატჩის ერთადერთი გოლი კი ძირითადი დროის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე ხესუს ნავასმა გაიტანა, რომელიც მწვრთნელმა მინდორზე ფერნანდო ტორესის ნაცვლად 61-ე წუთზე შეუშვა. საგოლე კომბინაცია სესკ ფაბრეგასმა წამოიწყო. მან ანდრეს ინიესტას ბურთი ხორვატი მცველების ზურგსუკან ჩაუკიდა. ინიესტამ ცხადია იოლად დაამუშავა და ცარიელი კარის წინ მყოფ ნავასს დაუგორა.
ხორვატია 4 ქულით ქვეჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. ესპანეთმა კი სამ შეხვედრაში შვიდი ქულა დააგროვა და მეოთხედფინალში D ჯგუფის მეორეადგილოსანს ელის.  უკვე ისიც ცნობილია, რომ დელ ბოსკეს გუნდისა და ჩემპიონობის მეორე რეალურ კანდიდატად დასახელებული გერმანიის ნაკრების გზები ერთმანეთს ფინალამდე არ უერთდება.

კრიშტიანუმ ჰოლანდიას შეუსრულა

ჰოლანდიის ნაკრებისთვის ევრო 2012 დასრულებულია. ნაკრებმა, რომელსაც ათიოდ დღის წინ ძალიან ბევრი ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად ასახელებდა, ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. მეოთხედფინალში გასასვლელად დასკვნით ტურში, პორტუგალიის 2-ბურთიანი სხვაობით ძლევა იყო აუცილებელი. ბერტ ვან მაარვიკის შეგირდებს მარტო ესეც არ ჰყოფნიდათ. პარალელურად მიმდინარე მატჩში გერმანიას დანია უნდა დაემარცხებინა.
გერმანელებმა მართლაც ისე ითამაშეს, ყველა ჰოლანდიელს რომ გაუხარდებოდა, მაგრამ თავად “ნარინჯისფერებმა” კი წაიფორხილეს.
არადა ყველაფერი ჰოლანდიისთვის სასიკეთოდ დაიწყო – მე-11 წუთზე უკვე დაწინაურდნენ რაფაელ ვან დერ ვაარტის გოლით. ამ უკანასკნელმა საჯარიმოს ხაზიდან მეკარისგან შორეულ კუთხეში გაიტანა.
ეს იყო და სრულ სათამაშო უპირატესობას პორტუგალია დაეუფლა. ანგარიშის გახსნიდან სამიოდ წუთში კრიშტიანუ რონალდუ მარცხნიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ბოლო მცველიც ჩამოიცილა და მეკარისთვის აუღებლადაც დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა – ბურთი ძელს მოხვდა. იქვე კიდევ უფრო რეალური შანსი ჰელდერ პოშტიგამ ვერ გამოიყენა. მეკარესთან პირისპირ გასულმა კარს ვერ დაუმიზნა. რაულ მეირელეშსაც სანტიმეტრები დააკლდა მარტინ სტეკელენბურგის კარის აღებამდე.
პორტუგალიელები უკანმოუხედავ შეტევებში ისე გაერთნენ, რომ რამდენიმე სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ. ჯერ იყო და არიენ რობენმა გაუშვა ხელიდან ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, შემდეგ კი ნაიჯელ დე იონგმა ვერ დაუმიზნა რუი პატრიციოს კარს. ეს ყველაფერი საწყის 27 წუთში მოხდა და თავად განსაჯეთ, როგორი გახსნილი თამაშიც გამოვიდა. 28-ე წუთზე კი რონალდუმ ანგარიში 1:1 გახადა – ჟოაო პერეირას ჭკვიანური პასით მეკარეს პირისპირ შეტოვებულმა ვარსკვლავმა მიმდინარე ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.  საერთოდაც, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, კრიშტიანუ რონალდუ ბევრად აქტიური იყო და პორტუგალიელთა წარმატებაც მნიშვნელოვანწილად სწორედ მისმა გაბრწყინებამ განაპირობა. ტაიმის ბოლომდე რონალდოს კიდევ ორჯერ შეეძლო ჰოლანდიელთა დამწუხრება, მაგრამ პირველ ეპიზოდში მეკარემ აჯობა, ხოლო მეორეში სამიზნეს ოდნავ ააცილა.
შესვენების შემდეგ სახიფათო მომენტების რაოდენობამ აშკარად იკლო. ანგარიში კი ერთადერთხელ შეიცვალა. სამქულიანი და მეოთხედფინალის საგზურის მომპოვებელი გოლი კი 74-ე წუთზე ისევ კრიშტიანუმ გაიტანა.
პორტუგალიამ B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 21 ივნისს, მეოთხედფინალში ჩეხეთს დაუპირისპირდება.

იტალიამ ქულას ქულა მიამატა და ბოლო ტურის იმედადაა

იტალიის ნაკრებმა ევრო 2012-ზე ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა, ისევ 1:1 და თუ ეს ტრადიცია მესამე ტურში, ირლანდიასთან მატჩში, სასურველი ანგარიშით გამარჯვებით არ დაასრულა, მეოთხედფინალს მიღმა დარჩება.

Continue reading

გერმანია მეოთხედფინალს მიუახლოვდა, ჰოლანდია – დაშორდა

გერმანიის ნაკრები ჯერჯერობით ერთადერთია ევრო 2012-ზე, ორ თამაშში ექვსი ქულა რომ დააგროვა. იოაჰიმ ლიოვის გუნდმა პორტუგალიის ძლევის შემდეგ ჰოლანდიაც დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური თითქმის განაღდებული აქვს. ჰოლანდიელებს კი პლეი ოფში მოხვედრა ძალიან გაუჭირდებათ. ბერტ ვან მაარვიკის სამწყსოს ევროპირველობაზე ჯერ ქულა არ აუღია და ჯგუფური ეტაპის დასაძლევად მესამე ტურში პორტუგალიის ორბურთიანი სხვაობით დამარცხება სჭირდება, ოღონდ, ამასთან ერთად, მისმა კონკურენტმა დანიამ გერმანიასთან უნდა წააგოს.
“ნარინჯისფერების” წარმატების უკვე ცოტას თუ სჯერა. ჰოლანდიის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა რუუდ გულიტმა სულაც, ჩემპიონატის დაწყებამდე იწინასწარმეტყველა თანამემამულეთა ევრო-ჩავარდნა. ბოლო დღეებში კი უიმედო პროგნოზს მხარი თვით იოჰან კრუიფმაც აუბა. მან უშედეგო თამაშის უმთავრეს მიზეზად მწვრთნელის შეცდომები დაასახელა.
ჰოლანდიას საუკეთესო პერიოდი რომ არ უდგას, გერმანიის წინააღმდეგ მატჩშიც კარგად გამოჩნდა. პირველი ტაიმი გერმანელთა აშკარა უპირატესობით ჩათამაშდა და ეს ანგარიშზეც აისახა – 2:0 მარიო გომესის დუბლით. ერთხელ მარტინ სტეკელენბურგის კარის დალაშქვრის უაღრესად ხელსაყრელი შანსი ჰოლგენ ბადშტუბერსაც მიეცა, მაგრამ ორიოდ მეტრიდან ბურთი მაინც და მაინც მეკარეს გაარტყა. 
შესვენების შემდეგ ჰოლანდიის ნაკრები ოდნავ გამოფხიზლდა, თუმც, ერთადერთი, რაც შეძლო, პრესტიჟის გოლი იყო, რომელიც რობინ ვან პერსიმ ჩაიწერა აქტივში, ძირითადი დროის დასრულებამდე 17 წუთით ადრე.
B ჯგუფში მესამე ტურის მატჩები 17 ივნისს გაიმართება.

მეოთხედფინალი ჯერ ვერავინ გაინაღდა

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, A ქვეჯგუფიდან პლეი-ოფში მოხვედრის შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს.

Continue reading

ჩეხებმა წამხდარი ხასიათი ბერძნებთან გამოიკეთეს

ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის წინ ქვეჯგუფში ჩარჩენის სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. პირველ ტურში რუსეთისგან განადგურებულ (1:4) გუნდს დღეს, საბერძნეთთანაც რომ წაეგო, მეოთხედფინალში გასვლის თეორიულ შანსსაც კარგავდა…

Continue reading