იტალიამ ქულას ქულა მიამატა და ბოლო ტურის იმედადაა

იტალიის ნაკრებმა ევრო 2012-ზე ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა, ისევ 1:1 და თუ ეს ტრადიცია მესამე ტურში, ირლანდიასთან მატჩში, სასურველი ანგარიშით გამარჯვებით არ დაასრულა, მეოთხედფინალს მიღმა დარჩება.

კლაუდიო პრანდელის გუნდი ამჯერად ხორვატიას დაუზავდა და ჯგუფის ლიდერობა შეანარჩუნებინა.
თამაში აპენინელთა კარნახით დაიწყო და საწყის ოც წუთში მარტო მარიო ბალოტელის სამი შანსი მიეცა ანგარიშის გასახსნელად, მაგრამ ერთიც ვერ გამოიყენა. ერთხელაც კლაუდიო მარკიზიოს უმტყუნა მიზანმა.
ხორვატებმა პირველად სახიფათოდ მე-20 წუთზე შეუტიეს და იტალიელთა კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა აჯობა პირისპირ შეყრილ თავდამსხმელს. ცოტა ხანში ოსტატობა უკვე ხორვატთა მეკარემ – პლეტიკოშამ გამოავლინა, რომელმაც მარკიზიოს დროის რამდენიმეწამიან მონაკვეთში ორჯერ არ გაატანინა.
ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში იტალია მაინც დაწინაურდა. ანდრეა პირლოს მიერ უზადოდ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას უკვე ხელი ვეღარც პლეტიკოშამ შეუშალა.
ტაიმის დარჩენილმა წუთებმა პრანდელის შეგირდების კარნახით ჩაიარა. ასევე გაგრძელდა შესვენების შემდეგაც, ოღონდ სულ რაღაც ხუთიოდ წუთით. შემდეგ ნელ-ნელა ბურთზე კონტროლის უპირატესობა ხორვატების მხარეს გადავიდა, თუმც ამ უპირატესობას სლავენ ბილიჩის გუნდი მხოლოდ მოედნის ცენტრში და მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ფლობდა. რეალური საგოლე მომენტის შექმნას კი იტალიელი მცველების უნაკლო თამაშის გადამკიდე ვერაფრით ახერხებდა.
72-ე წუთზე პრანდელის დაცვის ხაზი პირველად შეცდა და უმალ გოლით დაისაჯა. ჯორჯიო კიელინიმ მარიო მანჯუკიჩთან ბრძოლა პოზიციურად წააგო და ამ უკანასკნელმა სახიფათო მომენტი გოლად აქცია – 1:1.  ცნობისთვის, მანჯუკიჩს ევროპირველობაზე უკვე 3 გოლი დაუგროვდა და გერმანელ მარიო გომესთან და რუს ალან ძაგოევთან ერთად ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.
თამაშის ბოლომდე ორივე გუნდს მიეცა თითოოროლა შანსი, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. 18 ივნისს ხორვატია ესპანეთს დაუპირისპირდება, იტალია – ირლანდიას.

2 responses to “იტალიამ ქულას ქულა მიამატა და ბოლო ტურის იმედადაა

  1. მშვენიერი ბლოგია 🙂

Leave a comment