ქვიშის რაგბის ფესტივალი – „ბათუმი 2010“

14–15 აგვისტოს ბათუმის ახალ ბულვარში აშენებულ ქვიშის სპორტულ მოედანზე საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირისა და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით ქვიშის რაგბის ღია ფესტივალი – „ბათუმი 2010“ გაიმართა, სადაც პროფესიონალთა 10 და მოყვარულთა 8 გუნდი მონაწილეობდა, აღსანიშნავია, რომ ტურნირზე საქართველოსა და აზერბაიჯანის გოგონათა გუნდებმაც ითამაშეს.

ტურნირს, რომელიც უკვე მესამედ ჩატარდა, გენერალური სპონსორობა “კასრის ნატახტარმა“, გაუწია, სპონსორები – “პროკრედიტ ბანკი”, “ცენტრ-პოინტი”, “ორიფლეიმი” და “თელიანი ველი” გახლდნენ, თანაორგანიზატორები კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

2–დღიანი ტურნირის გამარჯვებული პროფესიონალთა შორის ქუთაისის „აია“ გახდა, რომელმაც ფინალში „ბათუმი“ 3:2 დაამარცხა, მოყვარულებში კი ჯარისკაცებით დაკომპლექტებულმა გუნდმა „სპამ“ იმარჯვა, ჯარის გუნდმა ფინალში რაგბის კავშირის ვეტერანების გუნდს 6:0 აჯობა.

შეჯიბრის ორგანიზატორები, ოცდაერთივე გუნდის წევრები და სპეციალურად მიწვეული სტუმრები სასტუმრო „მარიში“ დაბინავდნენ. თამაშები კი ბულვარის გაგრძელებაზე გაშენებულ ახალ რაიონში მოწყობილ ლამაზ არენაზე გაიმართა. ქვიშის რაგბის სანახავად მისულ მაყურებელთა გახალისებაზე დიჯეი მუშაობდა, მუსიკა თამაშების დროსაც არ ჩერდებოდა, შეხვედრებს შორის კი მოკლე შოუები ეწყობოდა.

1200-ადგილიანი ტრიბუნა პირველსავე დღეს შეივსო. ერთმანეთს პროფესიონალთა, მოყვარულთა და ქალთა გუნდების თამაშები ენაცვლებოდა. მოედნიდან გამოსული მორაგბეები კი ზღვაში ბანაობით ცდილობდნენ დახარჯული ძალის აღდგენას და მომავალი შეხვედრისთვის მომზადებას.

ქვიშის სახეობების პირველი ქართული მოედანის გახსნის ცერემონიალს, 14 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მოადგილეები – დავით ნამგალაური და გიორგი ავალიანი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – გია აბულაძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი – გია ნიჟარაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

მოედანი ოფიციალურად ლადო ვარძელაშვილმა გახსნა, რომელიც ტურნირის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა ქვიშის ახალი მოედანი განსაკუთრებულად მოიწონა და სამომავლოდ ბათუმში ქვიშის სპორტის სხვადასხვა სახეობებში შიდა და საერთაშორისო ტურნირების ჩატარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ტურნირზე ყველაზე მეტი – 10 გუნდი პროფესიონალებს შორის მოგროვდა. თბილისური კლუბები “ყოჩები”, “თი-ბი-სი”, “დევები”, “ხულიგანა”, “აკადემია” და “არმაზი” და ასევე, ქუთაისის “აია”, გორის “ლომები”, ფოთის “რაინდები” და ბათუმის “ბათუმი-15” ორ ხუთგუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფური თამაშები კვირას, დილით ჩამთავრდა. თასისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლება ორ-ორმა საუკეთესომ მოიპოვა. გადამწყვეტი მატჩები კი კვირას, საღამოს ჩატარდა.

ფინალში გადასასვლელ შეხვედრებში ქუთაისის “აიამ” და ბათუმის “ბათუმი-15”-მა იმარჯვეს. ქუთათურებმა “ხულიგანას” ბოლო წამზე გატანილი ლელოთი 2:1 აჯობეს. ცნობილი ქართველი მორაგბეები, ბესიკ ხამაშურიძე და ირაკლი ჩხიკვაძე “აიას” სახელით თამაშობდნენ, ხოლო გიორგი შკინინი – “ხულიგანას” მაისურით გავიდა ქვიშაზე. ტურნირის ფინალში იმერულ-აჭარული დაპირისპირება კოკისპირული წვიმის ქვეშ ჩატარდა და მაყურებელთა რაოდენობაც შემცირდა, მაგრამ ვინც წვიმას არ შეუშინდა და ტრიბუნაზე დარჩა, არავის უნანია. დაძაბულ ბრძოლაში ქუთაისელებმა 3:2 მოიგეს და ქვიშის რაგბის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მორედ მოიპოვეს.

მოყვარულთა შორის შეჯიბრში 8 გუნდი ჩაერთო – “პროკრედიტბანკი”, ფორმულა “კრეატივი”, ჯარისკაცებით დაკომპლექტებული “სპა”, ეროვნული ბანკი, ვეტერანი მორაგბეები, “სინემა ბიჩ”, “გეპეის ვეტერანები” და “ნატახტარი კასრის” გუნდი, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები გამოდიოდნენ. ჟურნალისტთა გარდა “ნატახტარი კასრის” ხელშეწყობით მიიღო ტურნირში მონაწილეობას ფორმულა “კრეატივმაც”.

უმთავრესი ფავორიტი რომ ჯარის გუნდი იყო, ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე ითქვა. სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრებით დაკომპლექტებულ კლუბს სარაგბო გამოცდილება ჯარის შიდა ჩემპიონატში აქვს მიღებული და სასურველია მომავალ წელს პროფესიონალებში იბრძოლოს. მოყვარულებში დარჩენის შემთხვევაში კი მას კონკურენტი ალბათ კიდევ დიდხანს არ ეყოლება.
ფავორიტმა იმედები არავის გაუცრუა – ქვეჯგუფშიც და გადამწყვეტ შეხვედრებშიც ერთი ამოსუნთქვით გადათელა ყველა მეტოქე. ფინალში კი სულაც, ვეტერანი მორაგბეებით დაკომპლექტებულ ყველაზე ტექნიკურ გუნდს 6 უპასუხო ლელო გაუტანა.

სპორტული ჟურნალისტების გუნდი წილისყრამ სწორედ მომავალ ფინალისტთა ქვეჯგუფში მოახვედრა და ნახევარფინალს მიღმა დარჩა. ხოლო მეორე ქვეჯგუფიდან ფორმულა “კრეატივი” და “გეპეის ვეტერანები” გავიდნენ. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ერთხელაც უნდა გაჯიბრებოდნენ, მაგრამ კრეატიველებმა ტრავმების სიმრავლის გამო თამაში ვეღარ შეძლეს.

მინი-ტურნირი გაიმართა ქალთა 3 გუნდს შორისაც. ერთმანეთს თბილისის “ჯვაროსნები”, ქუთაისის სარაგბო სკოლა და ბაქოს “კასპიელი კატები” დაუპირისპირდნენ. “ჯვაროსნებმა” ორივე თამაში პირველსავე დღეს ჩაატარეს, ორჯერვე მოიგეს და ჩემპიონობაც გაინაღდეს. მეორე ადგილისთვის შეხვედრაში კი ქუთაისელებმა ბაქოელები დაჩაგრეს.

ტრადიციულ მესამე ტაიმს სასტუმროს ბარმა უმასპინძლა. ქვიშის რაგბის კავშირმა გუნდის კაპიტნები სამახასოვრო პრიზებით დასაჯილდოვა,, ყველა მონაწილს კი სერთიფიკატები გადასცა, ტურნირის გენერალური სპონსორი “ნატახტარი” მონაწილეებს “კასრის ნატახტარით” გაუმასპინძლდა, სპონსორი “თელიანი ველი” – ღვინით. “პროკრედიტ ბანკმა”, “ცენტრ-პოინტმა” და “ორიფლეიმმა” კი სპორტსმენთათვის სპეციალური პრიზები დააწესეს. ქვიშის რაგბის 2011 წლის ტურნირი ისევ ბათუმში ჩატარდება.


Leave a comment