მასპინძლის ჩეხური იმედგაცრუება

ევრო 2012-ის ერთ-ერთი მასპინძელი, პოლონეთის ნაკრები ჩემპიონატის თექვსმეტ მონაწილეს შორის პირველი აღმოჩნდა, ვინც ტურნირზე გამოსვლა ოფიციალურად დაასრულა. ფრანციჟეკ სინუდას გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ჩეხეთთან წაიფორხილა.
საბერძნეთთან და რუსეთთან ნათამაშეები ფრეების (ორივესთან 1:1) შემდეგ პოლონეთს პლეი ოფის გასანაღდებლად აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა. პირველ-ორ მატჩში გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით პოლონელი მიმომხილველები და ვეტერანი ფეხბურთელები უკმაყოფილოებას არ მალავდნენ, მაგრამ ჩეხეთთან თამაშის წინ უარყოფითი მუხტი მინელდა. პოლონელებს მაინც ბოლო მომენტამდე ჰქონდათ თავიანთი ნაკრების იმედი, რასაც ჩეხეთის მიერ რუსეთთან ნაჩვენები უსუსური თამაშით იმყარებდნენ, აქაოდა, მიხაელ ბილეკის გუნდი მოსალოდნელზე სუსტად გამოიყურება და ამით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთო.
შეხვედრა მართლაც მასპინძელთა კარნახით დაიწყო, ოღონდ ეს უპირატესობა მხოლოდ ბურთის კონტროლში და სწრაფი შეტევის წამოწყების მცდელობებში გამოიხატებოდა. დამაგვირგვინებელ ფაზამდე კი საქმე ვერაფრით მიყავდათ. მეტოქე მცველები თაბიანთ საჯარიმოს საიმედოდ იცავდნენ. ერთი-ორჯერ ბურთი პეტრ ჩეხმაც აიღო.
პოლონური მუხტი ნახევარ საათში ჩაცხრა და ცენტრში უკვე ჩეხები გააქტიურდნენ. მალე საქმეში ჩართვა მეკარე პრჟემისლავ ტიტონსაც დასჭირდა, მაგრამ რეალურ საგოლე შანსს ვერც ამ მომენტებს დავარქმევთ და ვერც მანამდე, საპირისპირო კართან შექმნილ მეტნაკლებად სახიფათო ეპიზოდებს.
მეორე ტაიმში ჩეხები საგრძნობლად გამოცოცხლდნენ. რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ, 72-ე წუთზე პეტრ ჟირაჩეკმა მეოთხედფინალის საგზურის გამნაღდებელი გოლიც გაიტანა.  მალევე, ისევ ჟირაჩეკს და მილან ბაროშს ტიტონის კარის მეორედ აღების თითო შანსიც მიეცათ, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყეს.
მასპინძლებს ქულის აღება და მეტოქის მეოთხედფინალს მიღმა დატოვება მატჩის მიწურულს ორჯერ შეეძლოთ. ჯერ იყო და 87-ე წუთზე, მარსინ ვასილევსკიმ პეტრ ჩეხის კარს ოდნავ ააცილა, მსაჯის მიერ დამატებული დროის ბოლო წამებზე კი იაკუბ ბლაშიკოვსკის დარტყმის შემდეგ ბურთი მიხალ კადლეცმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.
ჩეხებმა ჯგუფური ეტაპი 6 ქულით, პირველი ადგილით და ლიდერისთვის შეუფერებელი ბურთების უარყოფითი ბალანსით (4:5) დაასრულეს.

Leave a comment